Friday, May 1, 2009

ომი და მშვიდობა


რომაული გამოთქმაა: “თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისათვის”.

თანამედროვე მსოფლიოს მრავალი ალაგი ბრძოლის ქარცეცხლშია გახვეული, მაგრამ გლობალური მშვიდობა არა და არ ჩანს. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ბოროტეულის ინიციატივით გამოწვეული ამაოების კანონზომიერებაა.

დღესდღეობით არ გაგვაჩნია სამაჩაბლო და აფხაზეთი; ის მიწები, რომლებიც უძველესი დროიდან ქართველებით იყო დასახლებული.
…უკვე 16 წელზე მეტი გავიდა, რაც იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა არ დაბრუნებია მშობლიურ მიწა-წყალს, არ მოფერებია მშობლიურ კერას, არ უნახავს და პატივი არ მიუგია მამა-პაპათა საფლავებისათვის. ომმა განუზომელი უბედურება მოუტანა ისედაც მრავალტანჯულ საქართველოს.

1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის მიზეზად სარკინიგზო მაგისტრალის დაცვა დასახელდა. თუმცა აშკარა იყო, რომ ამ აქციით სახელმწიფო საბჭომ ავტონომიულ რესპუბლიკაში სეპარატიზმის განეიტრალებას ცდილობდა. პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან მოხდა. კონფლიქტმა დაღუპულთა ათვლა დაიწყო.

სოხუმის დაკავება

ქართულმა მხარემ გეზი სოხუმისკენ აიღო. ქართულ შენაერთებს ცეცხლი გულრიფშის რაიონშიც გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს. მალე ქართველები სოხუმს მიუახლოვდნენ. ქალაქს აფხაზეთის 300 კაციანი ფორმირება იცავდა,იმავე დღეს ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა.მისივე ბრძანებით აფხაზეთის გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. დაიწყო ასევე აფხაზეთის ბატალიონების ფორმირება. ქალაქში, რომელიც ტურისტებით იყო სავსე პანიკა ატყდა. ისინი ქალაქს ყველა საშუალებით ტოვებდნენ. 18 აგვისტოს უშედეგო მოლაპაკებების შემდეგ ქართულმა ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. 12:30 საათზე მათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღეს. აფხაზური დროშის ნაცვლად, შენობის თავზე შინდისფერი დროშა აფრიალდა.

სოხუმის დაცემა იყო ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე დამხმარედ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი უჭერდა მხარს.

გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შემოტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.

ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზოუკვლოდ დაიკარგა . რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიჭირეს (კოდორის ხეობის გარდა).

საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250,000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა.. .

ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლო გააზრებულად და დიდი სიყვარულით უყვარს, რასაკვირველია, თაყვანს სცემს საკუთარი ერის მატიანეს. მან დანამდვილებით იცის თავისი ფესვების ფასი და ამაოების საზღაურად არ გადაგვარდება.

იმ “მშვიდობას”, რომელიც ქვეყანაში სუფევს, არ მივყავართ საქართველოს გაერთიანებისაკენ. მეტიც, ეს არის ბარაბას გზა, თვითმკვლელობის გზა-ეს ერის წინააღმდეგ შეგნებულად და ვერაგულად წარმოებული ომია!!!.

რომაული გამოთქმისა არ იყოს, განა ჩვენთვის მშვიდობა ის უნდა ყოფილიყო, რომ უძველესი მიწები დაგვეკარგა და შემდგომ ამისა არსობრივად უმოქმედობა გამოგვევლინა მათ დასაბრუნებლად?



პროექტზე მუშაობდენენ: მე-10 კლასი და პედაგოგი ლარისა ქავთარაძე